რასის Christopher F. Rufo კრიტიკული თეორია: რა არის ის და როგორ ვებრძოლოთ მას?

რასის კრიტიკული თეორია (Critical race theory) სწრაფად ხდება ამერიკის ახალი ინსტიტუციური ორთოდოქსია. მიუხედავად ამისა, ამერიკელთა უმრავლესობას მის შესახებ არაფერი სმენია, და ვისაც სმენია, მასში დიდად ვერ გარკვეულა. დროა, ეს შეიცვალოს. აუცილებელია გავიგოთ, რა არის ეს, რათა ვისწავლოთ, როგორ ვებრძოლოთ.

სასარგებლო იქნება, თუ რასის კრიტიკული თეორიის ახსნას მარქსისზმის მოკლე ისტორიით დავიწყებთ. დასაბამიდან მარქსისტი მემარცხენეები პოლიტიკურ პროგრამას კლასთაშორისი კონფლიქტის თეორიაზე აფუძნებდნენ. მარქსი თვლიდა, რომ ინდუსტრიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი კაპიტალისტებსა და მუშებს შორის ძალაუფლების არასწორ განაწილებაშია. ამის გამოსასწორებლად, მარქსის მიხედვით, საჭირო იყო რევოლუცია: მუშები ბოლოსდაბოლოს გააცნობიერებენ საკუთარ მძიმე მდგომარეობას, ხელში ჩაიგდებენ წარმოების საშუალებებს, დაამხობდნენ კაპიტალისტების კლასს და ახალ, სოციალისტურ საზოგადოებაში შეაბიჯებენ.

მე-20 საუკუნეში მთელმა რიგმა რეჟიმებმა გაიარეს მარქსისტული რევოლუციები და უკლებლივ ყველამ კატასტროფით დაასრულა არსებობა. საბჭოთა კავშირის, ჩინეთის, კამბოჯის, კუბის და სხვა სოციალისტური მთავრობების მიერ განადგურებული საკუთარი ხალხის რიცხვმა ლამის 100 მილიონს მიაღწია. მათ მოსაგონებლად დატოვეს გულაგები, საჩვენებელი სასამართლოები, სასიკვდილო განაჩენები და მასიური შიმშილი. პრაქტიკაში მარქსის იდეებმა კაცობრიობის ისტორიაში უბნელესი და უსასტიკესი ნაყოფი გამოიღო.

1960-იანი წლებიდან დასავლეთის მარქსისტმა ინტელექტუალებმა დაიწყეს ამ ჩავარდნების აღიარება. ისინი გაემიჯნენ გამოაშკარავებულ საბჭოთა სისასტიკეებს და მიხვდნენ, რომ მუშათა რევოლუცია არასდროს არ მოხდება დასავლეთ ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში, მათი მრავალრიცხოვანი საშუალო კლასით და სწრაფად მზარდი ცხოვრების დონით. ამერიკელთა უმრავლესობას სჯეროდა ამერიკული ოცნების – იდეის, რომლის მიხედვით მათ შეეძლოთ დაეძლიათ არახელსაყრელი საკუთარი წარმომავლობა განათლების, მუყაითი შრომის და კარგი მოქალაქეობის საშუალებით.

მიუხედავად ამისა, დასავლეთის მარქსისტმა სწავლულებმა მემარცხენე პოლიტიკური პროექტის მიტოვებას ამჯობინეს საკუთარი რევოლუციური თეორია 1960-იანი წლების სოციალური და რასიული მღელვარებებისთვის მოერგოთ. მათ მარქსის კაპიტალისტურ-მუშური ეკონომიკური დიალექტიკა უკუაგდეს და კლასი რასით ჩაანაცვლეს, რათა უქონელთა ახალი, ამჯერად რასიულ და ეთნიკურ კატეგორიებზე დაფუძნებული რევოლუციური კოალიცია შეექმნათ.

საბედნიეროდ ამ რევოლუციური კოალიციის ადრეული მიმდევრები ამერიკაში 1960-იანებში ადამიანის უფლებების მოძრაობასთან დამარცხდნენ, რომელმაც, ნაცვლად ამისა, კანონის ქვეშ თავისუფლებისა და თანასწორობის ამერიკული დაპირების აღსრულება აირჩია. ამერიკელებმა საკუთარი ქვეყნის გაუმჯობესების იდეა ამჯობინეს მისი დამხობის იდეას. მარტინ ლუთერ კინგის ხედვამ, პრეზიდენტ ჯონსონის სწრაფვამ დიდი საზოგადოებისკენ და პრეზიდენტ ნიქსონის მიერ დაპირებულმა კანონიერებისა და წესრიგის აღდგენამ განსაზღვრა პოსტ -1960-იანი ამერიკული პოლიტიკური კონსენსუსი.

თუმცა მემარცხენე რადიკალიზმი გამძლე და მდგრადი აღმოჩნდა – სწორედ აქ იღებს სათავეს რასის კრიტიკული თეორია.

რა არის ეს?

რასის კრიტიკული თეორია აკადემიური დისციპლინაა, რომლის ფორმულირება 1990-იანებში მოხდა და რომლის ინტელექტუალური საფუძველი იდენტობაზე დაფუძნებული მარქსიზმია. დიდი ხნის განმავლობაში უნივერსიტეტების და უცნობი აკადემიური ჟურნალების სფეროში შეყუჟული, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ის ჩვენი საჯარო ინსტიტუტების სულ უფრო გაბატონებულ იდეოლოგიად ყალიბდება: მან შეაღწია სამთავრობო სააგენტოებში, საჯარო სკოლების სისტემაში, მასწავლებლების მომზადების პროგრამებში და კორპორაციათა ადამიანური რესურსების დეპარტამენტებში მრავალფეროვნების თრენინგების, პროგრამების, ადამიანური რესურსების მოდულების, საჯარო პოლიტიკის საფუძვლების და სასკოლო კურიკულუმების სახით.

არსებობს უამრავი ევფემიზმი, რომლებსაც რასის კრიტიკული თეორიის მიმდევრები იყენებენ მის აღსაწერად, მათ შორის “სამართლიანობა” (equity), “სოციალური სამართლიანობა”, “განსხვავებულობა და ჩართულობა,” “კულტურულად პასუხისმგებლიანი სწავლება” და ა.შ. რასის კრიტიკული თეორეტიკოსები, ენობრივი კონსტრუქციების ეს ოსტატები, ხვდებიან, რომ “ნეო-მარქსიზმის” გასაღება გაძნელდება. მეორეს მხრივ, “სამართლიანობა” (equity), მაგალითად, არაა, თითქოს, მუქარის შემცველი და ადვილად შეიძლება აგერიოს “თანასწორობის” (equality) ამერიკულ პრინციპში. თუმცა განსხვავება უზარმაზარია და მნიშვნელოვანი. მართლაც, “თანასწორობა” - დამოუკიდებლობის დეკლარაციაში გამოცხადებული და სამოქალაქო ომში დაცული პრინციპი, რომელიც კანონადაა კოდიფიცირებული მე-14 და მე-15 შესწორებებში, სამოქალაქო უფლებების 1964 წლის აქტში და საარჩევნო უფლებების 1965 წლის აქტში, ღიადაა უარყოფილი რასის კრიტიკული თეორეტიკოსების მიერ. მათთვის თანასწორობა “უბრალო არადისკრიმინაციას” ნიშნავს და თეთრი აღმატებულობის, პატრიარქატისა და ჩაგვრის “კამუფლაჟია.”

თანასწორობისგან განსხვავებით, რასის კრიტიკული თეორეტიკოსების მიერ განმარტებული “სამართლიანობა” (equity) ოდნავ რეფორმულირებული მარქსიზმია. “სამართლიანობის” სახელით კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) სამართლის პროფესორი და რასის კრიტიკული თეორეტიკოსი Cheryl Harris მოგვიწოდებს შევაჩეროთ კერძო საკუთრების უფლებები, ჩამოვართვათ და გადავანაწილოთ მიწა და სხვა ფასეულობები რასიული ნიშნით. რასის კრიტიკული თეორიის გურუ Ibram X. Kendi, რომელიც ხელმძღვანელობს ბოსტონის უნივერსიტეტის ანტირასისტული კვლევების ცენტრს (Center for Antiracist Research at Boston University) მოგვიწოდებს შევქმნათ ანტირასიზმის ფედერალური დეპარტამენტი (federal Department of Antiracism) . ეს დეპარტამენტი უნდა იყოს ხელისუფლების არჩეული შტოებისაგან დამოუკიდებელი ( ე.ი. არაანგარიშვალდებული), და უნდა აღიჭურვოს ნებისმიერი დონის კანონის ვეტოს, განულების ან გაუქმების უფლებით, ან ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის გამოსვლის შეზრუდვის უფლებით თუ ჩაითვლება რომ ეს არასაკმარისად “ანტირასისტულია.”

ასეთი დეპარტამენტის შექმნის ერთი პრაქტიკული შედეგი კაპიტალიზმის დამხობა იქნება, რადგან Kendi -ს თანახმად “ იმისათვის, რომ ჭეშმარიტად ანტრასისტი იყო აუცილებელია ჭეშმარიტი ანტიკაპიტალისტობა.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იდენტობა საშუალებაა, მარქსიზმი კი – მიზანი.

მთავრობის “სამართლიანობაზე” (equity) დამყარებული ფორმა მოასწავებს არა მარტო კერძო საკუთრების, არამედ პიროვნული უფლებების, კანონის წინაშე თანასწორობის, ფედერალიზმის და სიტყვის თავისუფლების დასასრულს. ამათ ჩაენაცვლება რასიული ნიშნით საკუთრების გადანაწილება, ჯგუფური უფლებები, აქტიური დისკრიმინაცია და ყოვლისშემძლე ბიუროკრატია. ისტორიულად “ანტიამერიკანიზმში” დადანაშაულება ზედმეტად გაცვეთილია, თუმცა ამ შემთხვევაში ის არაა ინტერპრეტაციის საგანი – რასის კრიტიკული თეორია ამკვიდრებს რევოლუციურ პროგრამას, რომელიც გააუქმებდა დეკლარაციის პრინციპებს და დაარღვევდა კონსტიტუციის ნარჩენ სტრუქტურას.

როგორ მუშაობს

როგორ გამოიყურება რასის კრიტიკული თეორია პრაქტიკაში? შარშან მოვამზადე ანგარიშების წყება, რომლებიც ფედერალურ მთავრობაში მის მოქმედებაზე იყო დაფოკუსეებული. გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ატარებდა სემინარებს ინტერსექციულობის თეორიაში. შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი DHS უცხადებდა თეთრ თანამშრომლებს, რომ ისინი “მიკროუსამართლობებს” სჩადიან და “მჩაგვრელთა როლებში სოციალიზდებიან.” ფინანსთა სამინისტრომ ჩაატარა თრენინგი და გამოუცხადა თანამშრომლებს, რომ “პრაქტიკულად ყველა თეთრს შეაქვს წვლილი რასიზმში” და რომ მათ უნდა მოაქციონ “ყველა ანტირასისტულ იდეოლოგიაზე.” სანდია ნაციონალურ ლაბორატორიებში (Sandia National Laboratories) სადაც ამერიკის ბირთვილ არსენალს აპროექტებენ, თეთრი მამაკაცი ხელმძღვანელები სამი დღით გააგზავნეს გადასამსადებელ ბანაკში, სადაც უთხრეს რომ “თეთრი მამრის კულტურა” “კუ-კლუქს კლანის,” “თეთრი აღმატებულობის” და “მასიური მკვლელობის” ანალოგიურია. ამის შემდეგ ხელმძღვანელები აიძულეს დაეგმოთ “თეთრი მამრის უპირატესობა” და დაეწერათ ბოდიშის წერილები ფიქტიური ქალებისა და ფერადკანიანი ადამიანებისთვის.

წელს გავამზადე ახალი ანგარიშების წყება, რომლებიც ეძღვნება რასის კრიტიკულ თეორიას განათლებაში. კაპერტინოში (კალიფორნია) (Cupertino, California) დაწყებითმა სკოლამ აიძულა პირველკლასელები ჩაეტარებინათ საკუთარი თავისთვის რასიული და სქესობრივი იდენტობის დეკონსტრუქცია და მოეხდინათ საკუთარი თავის რანგირება “ძალაუფლების და პრივილეგიის” მიხედვით. სპრინგფილდში (მისური) (Springfield, Missouri) , საბაზო სკოლამ აიძულა მასწავლებლები განეთავსებინათ საკუთარი თავი ჩაგვრის მატრიცაში, რომელსაც საფუძვლად უდევს ის, რომ სთრეითი, (ჰეტეროსექსუალი) თეთრი, ინგლისურენოვანი, ქრისტიანი მამრები მჩაგვრელთა კლასის წევრები არიან და უნდა მოინანიონ საკუთარი პრივილეგია და “ფარული თეთრი აღმატებულობა.” ფილადელფიაში დაწყებითმა სკოლამ აიძულა მეხუთეკლასელები ეზეიმათ “შავი კომუნიზმი” და გაეთამაშებინათ “შავი ხელისუფლების” მსვლელობა 1960-იანების რადიკალის, Angela Davis-ის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით, სადაც ის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. სიეტლში სკოლების რაიონულმა სამმართველომ (school district) გამოუცხადა თეთრ მასწავლებლებს, რომ ისინი დამნაშავეები არიან შავი ბავშვების “სულის მკვლელობაში” და უნდა “გააკოტრონ (საკუთარი) პრივილეგია მოპარული მემკვიდრეობის აღიარებით”.

მე ერთი გამომძიებელი ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მონაცემთა ბაზაში 1000-ზე მეტი ასეთი ამბავი მომიგროვდა. როდესაც ვამბობ, რომ რასის კრიტიკული თეორია ჩვენი საჯარო ინსტიტუტების სამოქმედო იდეოლოგია ხდება, ეს არაა გადაჭარბება – უნივერსიტეტებიდან ბიუროკრატიამდე და საჯარო სკოლებამდე, რასის კრიტიკულმა თეორიამ შეაღწია კოლექტიურ ცნობიერებაში და ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და ამ პროცესს შენელების ნიშნები არ ეტყობა.

ეს ცვლილება რევოლუციურია. დასაბამიდან ეს სახელისუფლებო ინსტიტუტები ჩაფიქრებული იყო, როგორც ნეიტრალური, ტექნოკრატიული და ფართოდ აღქმულ საზოგადოებრივი სიკეთეზე ორიენტირებული. დღეს, რასის კრიტიკული თეორიის და მისი მონათესავე იდეოლოგიების მზარდი გაქანების პირობებში ხდება მათი შემობრუნება ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ შემოიფარგლება ვაშინგტონის მუდმივმოქმედი ბიუროკრატიით, არამედ ჭეშმარიტია შტატების, მათ შორის წითელი (ანუ რესპუბლიკური) შტატების ინსტიტუტებისთვის და ეშვება საგრაფოების (county ) ჯანმრთელობის დაცვის საჯარო დეპარტამენტების, შუა-დასავლეთის (Midwestern) მცირე სასკოლო სამმართველოების დონეზე. ეს იდეოლოგია არ შეჩერდება, ვიდრე ყველა ჩვენს ინსტიტუტს არ შთანთქავს.

ამაო წინააღმდეგობა

აქამდე რასის კრიტიკული თეორიის შემოტევის შეჩერების ყველა მცდელობა უშედეგო იყო. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

პირველი: ძალიან ბევრ ამერიკელს მძაფრი შიში განუვითარდა სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე ლაპარაკის მიმართ, განსაკუთრებით თუ საქმე რასას ეხება. უკანასკნელი გელლოპის გამოკითხვის თანახმად კონსერვატორების 77 %-ს პოლიტიკური თვალსაზრისის საჯაროდ გამოხატვის ეშინია. ეშინია სოციალურ მედიაში შეტევის, სამსახურიდან დათხოვნის ან უარესის, ამიტომ სდუმს და საჯარო დისკუსია მეტწილად ამ ანტიამერიკული იდეოლოგიის მატარებლებს უვარდებათ ხელთ. ამის შედეგია ის, რომ ინსტიტუტები თავად მონოკულტურული გახდა: დოგმატური, ეჭვიანი და განსხვავებული თვალსაზრისის მიმართ მტრულად განწობილი. ფედერალურ მთავრობაში თუ საჯარო სკოლების სისტემაში მყოფი კონსერვატორები მეუბნებიან, რომ მათი “სამართლიანობის და ჩართულობის” (“equity and inclusion”) დეპარტამენტები პოლიტიკურ სამსახურებად იქცნენ, რომელიც ეძებს და ანადგურებს ოფიციალური ორთოდოქსიასთან ნებისმიერ უთანხმოებას.

მეორე: რასის კრიტიკული თეორეტიკოსები კამათს სათაგურის მსგავსად აგებენ. მათ პროგრამასთან უთანხმოებას განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ადამიანის “თეთრი სიმყიფის,” “ქვეცნობიერი მიკერძოების” ან “გაშინაგანებული თეთრი აღმატებულების” უტყუარ გამოვლინებად ნათლავენ. მე ბევრჯერ მინახავს ამ ყალბი ცნობიერების ოპონენტზე გადატანა მუშაობისას. მრავალფეროვნების ტრენერი აკეთებს აღმაშფოთებელ განცხადებას, მაგალითად - “ყველა თეთრი შინაგანად მჩაგვრელია,” ან “თეთრი მასწავლებლები დამნაშავენი არიან შავი ბავშვების სულიერ მკვლელობაში” და შემდეგ, როდესაც წინააღმდეგობას ხვდება, მფარველობით ტონზით ხსნის, რომ მონაწილე, რომელიც “თავს იცავს” ან “ბრაზდება,” ასე “დანაშაულის გრძნობა” და “სირცხვილი” ამოქმედებს. ასეთებს სთავაზობენ დადუმებას, “დისკომფორტში მოკალათებას” და “თეთრ აღმატებულებაში თანამონაწილეობის” აღიარებას.

მესამე: პოლიტიკური სპექტრის გასწვრივ ამერიკელებს უჭირთ რასის კრიტიკული თეორიის წინაპირობების განსხვავება მისი დასკვნებისგან. წინაპირობა – ის, რომ ამერიკის ისტორიაში არის მონობა და სხვა უსამართლობა და რომ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ და ვისწავლოთ აქედან, ეჭვგარეშეა. მაგრამ მათი რევოლუციური დასკვნა – რომ ამერიკა დაარსდა და განისაზღვრა რასიზმით და რომ ჩვენი დამფუძნებელი პრინციპები, ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი ცხოვრების წესი დასამხობია, აქედან ნამდვილად და კიდევ უფრო ნაკლებად, სამართლიანად სრულიადაც არ გამომდინარეობს.

მეოთხე და ბოლო: ყველა, ვინც ბედავს დაწეროს ან ხმა აიმაღლოს რასის კრიტიკული თეორიის მიმართ, ამას ძირითადად მაინც თეორიულ დონეზე აკეთებენ და მიუთითებენ ლოგიკურ წინააღმდეგობებზე და ისტორიის გაყალბებაზე. ეს კრიტიკა უდაოდ ფასეული და კარგია, მაგრამ კამათი აკადემიურ სფეროში გადაჰყავს, რომელიც რასის კრიტიკული თეორეტიკოსებისთვის მშობლიური ნიადაგია. ისინი ვერ აიძულებენ რევოლუციური იდეოლოგიის დამცველებს პასუხი მოსთხოვონ მათი იდეების პრაქტიკული შედეგებისთვის პოლიტიკის სფეროში.

პოლიტიკური ბრძოლა

რასის კრიტიკული თეორია აღარაა უბრალოდ აკადემიური პრობლემა, ის პოლიტიკური ძალაუფლების იარაღად იქცა. თუ მარქსიზმის თეორეტიკოსს ანტონიო გრამშისგან ვისესხებთ, სი სწრაფად აღწევს “კულტურულ ჰეგემონიას” ამერიკის საჯარო ინსტიტუტებში, სულ უფო მეტად ეუფლება უზარმაზარ სახელმწიფო და საზოგადო მექანიზმს. თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ, პოლიტიკურად უნდა დავუპირისპირდეთ მას ყველა დონეზე.

რასის კრიტიკული თეორეტიკოსებს უნდა შევაგებოთ ფაქტები და ვაიძულოთ ისინი ფაქტებზე ილაპარაკონ. მხარს უჭერენ თუ არა ისინი საჯარო სკოლაში პირველკლასელების დაყოფას “მჩაგრელებად” და “ჩაგრულებად”? მხარს უჭერენ თუ არა ისინი სავალდებულო კურუკულუმებს, რომლებიც ასწავლიან, რომ “ყველა თეთრი ასრულებს როლს სისტრმური რასიზმის სამუდამოდ დამკვიდრებაში”? მხარს უჭერენ თუ არა ისინი საჯარო სკოლებში თეთრი მშობლების წვრთნას მათ “თეთრ მოღალატეებად” და “თეთრ აბოლოციონიზმის” ადვოკატებად გარდასაქმნელად? უნდათ თუ არა მათ მთავრობის მოხელეთათვის ასეთი გადამზადების აუცილებელი დაწესება? რას იტყვიან კორპორაციული ამერიკის მენეჯერებსა და თანამშრომლებზე? რას იტყვიან შეიარაღებულ ძალებში მომსახურე კაცებზე და ქალებზე? რას იტყვიან თითოეულ ჩვენგანზე?

რასის კრიტიკული თეორიის ძალთა დასამარცხებელი წარმატებული სტრატეგია სამი ნაწილისგან შედგება: მთავრობის მოქმედება, მასიური მობილიზაცია და პრინციპების მოხმობა.

მთავრობის მოქმედების მაგალითები უკვე ვნახეთ. გასულ წელს ერთიმა ჩემმა ანგარიშმა გადააწყვეტინა პრეზიდენტ ტრამპს აღმასრულებელი განკარგულების გაცემა, რომლითაც აიკრძალა რასის კრიტიკულ თეორიაზე დაფუძნებული თრენინგის პროგრამები ფედერალურ მთავრობაში. მართალია, პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს განკარგულება უფლებამოსილების მოპოვების პირველსავე დღეს გააუქმა, მაგრამ ის მისაბაძ მოდელად რჩება გუბერნატორებისა და მუნიციპალური ლიდერებისთვის. წელს რიგი შტატების კანონმდებლებმა შეიტანეს კანონპროექტები იგივე მიზნის მისაღწევად: აარიდონ საჯარო ინსტიტუტებს პროგამები, რომლებიც ადამიანებს რასობრივ ნიადაგზე სტერეოტიპებს მიაწერს, განტევების ვაცებად სახავს ან უბრელოდ ამცირებს. მე შევქმენი ადვოკატთა კოალიცია, რომლებიც სარჩელებს შეიტანენ იმ სკოლების და სამთავრობო სააგენტოების წინააღმდეგ, რომლებიც რასის კრიტიკულ თეორიაზე დაფუძნებულ პროგრამებს ნერგავენ. სარჩელები ემყარება პირველ შესწორებას (რომელიც იცავს მოქალაქეს იძულების ენისაგან), მეთოთხმეტე შესწორებას (რომელიც უზრუნველყოფს კანონით თანასწორ დაცვას ) და 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტს (რომელიც უკრძალავს საჯარო ინსტიტუტებს დისკრიმინაციას რასიულ საფუძველზე).

მასობრივ დონეზე რასის კრიტიკულ თეორიასთან საბრძოლველად იბადება მულტიკურტურული და ორპარტიული კოალიცია. მშობლები ერთიანდებიან საჯარო სკოლების რასიული ნიშნით დამყოფი კურიკულუმების წინააღმდეგ, თანამშრომლები ხმას იმაღლებენ სამუშაო ადგილებზე ორუელისეული გადამზადების საწინააღმდეგოდ. როდესაც ხედავე, თუ რა ხდება, ამერიკელები ბუნებრივ აღშფოთებას განიცდიან რასის კრიტიკული თეორიის მიერ სამი – ესსენციალიზმის, კოლექტიური დანაშაულის და ნეო-სეგრეგაციის – იდეის წინ წამოწევის გამო, რაც თანასწორობისა და სამართლიანობის (justice) ძირეულ პრინციპებს არღვევს. ჩინელი წარმოშობის ბევრი ამერიკელი მეუბნება, რომ ყოფილ სამშობლოში კულტურულ რევოლუციას გადაურჩნენ და არ დაუშვებენ იგივეს აქ გამეორებას.

პრინციპების თვალსაზრისით აუცილებელია ჩვენი საკუთარი ზნეობის ენაზე ლაპარაკი და რასის კრიტიკული თეორიის კატეგორიათა მარწუხებიდან თავის დაღწევა. მაგალითად, ჩვენ ხშირად გვითრევენ ხოლმე “მრავალფეროვნებაზე” კამათში. მრავალფეროვნება როგორც ის უმრავლეს ჩვენთაგანს ესმის, ზოგადად კარგია, ყველაფერი თანასწორია, მაგრამ ის მეორეული ფასეულობაა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და მიზნად გავიხადოთ სრულყოფილება – საერთო სტანდარტი, რომელიც ნებისმიერი წარმომავლობის ადამიანს გამოიწვევს საკუთარი შესაძლებლობების სარეალიზაციოდ. სასურველი მიზნების სკალაზე სრულყოფილება ყოველთვის გაიმარჯვებს მრავაფეროვნებაზე.

მსგავსად ამისა, იმ ისტორიული ნარატივის უპატიოსნების მხილებასთან ერთად, რომლითაც რასის კრიტიკული თეორია თავს იმკვიდრებს, ჩვენ უნდა წამოვწიოთ ამერიკის ნამდვილი ამბავი – ამბავი, რომელიც პატიოსნად აღწერს ამერიკის ისტორიაში არსებულ უსამართლობებს, მაგრამ მათ ჩვენი ქვეყნის მაღალი იდეალებისა და მათ რეალიზაციაში მიღწეული პროგრესის კონტექსტში ათავსებს. ჭეშმარიტი ამერიკული იტორია მდიდარია მიღწევების და თავგანწირვის ამბებით, რომლებიც ამერიკელთა გულებს შეეხება – მკვეთრი განსხვავებით რასის კრიტიკული თეორეტიკოსების მიერ მოწოდებული შავბნელი და პესიმისტური ნარატივისგან.

უპირველეს ყოვლისა კი გვჭირდება გამბედაობა – ჩვენი დროისათვის აუცილებელი ძირითადი ფასეულობა. გამბედაობა ხმის ამაღლებისა ჭეშმარიტების სათქმელად. გამბედაობა ეპითეთების ასატანად. გამბედაობა ბრბოსთან დასაპირისპირებლად. გამბედაობა ელიტის ზიზღის იგნორირებისთვის. როდესაც საკმარისად ბევრნი გადავლახავთ შიშს, რომელიც ახლა გვადუმებს, რასის კრიტიკული თეორია ჩავლებას შეასუსტებს. გამბედაობა შობს გამბედაობას. ერთი განდგომილის შეჩერება იოლია. ბევრად უფრო ძნელია 10, 20, 100, 1,000, 1,000,000, ან მეტის, ამერიკული პრინციპების ირგვლივ გაერთიანებულის შეჩერება.

ჭეშმარიტება და სამართალი ჩვენს მხარესაა. თუ გამბედაობის მოკრებასაც მოვახერხებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.

Comments